"ჩემმა რძალმა იქამდე არ მოისვენა, სანამ თმით არ ვითრიე - მირჩიეთ ახლა რა ვქნა? "
თბილი, მოსიყვარულე და იდილიური ოჯახი მქონდა, სანამ ჩემი შვილი ცოლად ქაჯს არ მოიყვანდა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ისე იქცეოდა, მამა აბრამის ბატკანი გეგონებოდათ. ხმას არ იღებდა, თავდახრილი დადიოდა, ვეუბნებოდი ჩემს ქმარს:
ეს რა ცხვარივით გოგო მოიყვანა ჩვენმა შვილმა, ნეტავ როდის შეგვეჩვევა, მოშინაურდება ახალ ოჯახში და ცოტა გააქტიურდება-მეთქი. ზუსტად ერთ თვეში, ისე გააქტიურდა და მოშინაურდა, სახლში აღარ დაგვედგომებოდა. ყველაფერი გავუკეთე, ჩავაცვი, დავახურე, ოქრო ავასხი და იმის მაგივრად, მადლობა ეთქვა, იქით მისაყვედურა: ქორწილი მინდოდა, მათხოვარივით გავთხოვდი, თეთრი კაბა ვერ ჩამაცვითო. ავუხსენი: შვილო, პანდემიის პერიოდია, ხომ იცი, არაფერი გვენანება თქვენთვის, მაგრამ სჯობს, თავი შევიკავოთ და მერე, ხელსაც მოაწერთ, ჯვარსაც დაიწერთ და ქორწილსაც გადაგიხდით-მეთქი. აყარა ტლინკები: ასი წლის მერე ვის რად უნდა თქვენი მათხოვრული ქორწილი, ახლა გავთხოვდი და ახლა მინდაო. ერთი სიტყვით, ვერ მოვითმინე და მკაცრად ვუპასუხე: გათხოვილიყავი და შესულიყავი შენსავით შეუგნებელ ოჯახში, სადაც არც საკუთარ ჯანრთელობას უფრთხილდებიან, არც სხვისას და გადაგიხდიდნენ-მეთქი. მოკლედ, ამ დღიდან ამითვალწუნა. არაერთი მისი უაზრო საქციელი ჩავყლაპე, მაგრამ არ მომეშვა და ისეთი რამეები იკადრა, თმით მათრევინა თავი. ახლაც არ მჯერა, რომ ეს მე ჩავიდინე. არადა, თავად 16 წლის ასაკში გავთხოვდი, არც ქორწილი მქონია და არც თავი გამოუდია ჩემი ქმრის ოჯახს საყიდლებით თუ ოქრო-ბრილიანტით, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი? დედამთილს დღემდე თქვენობით ველაპარაკები და არც მისგან მახსოვს გადაბრუნებული სიტყვა. მეც და ჩემი ქმარიც ჯერ კიდევ იმ ასაკში ვართ, როცა დასასვენებლად წასვლაც გვინდა, განმარტოებაც და ერთმანეთით ტკბობაც, მაგრამ, ვინ გაცლის? თუ რამე გვაქვს, ქალბატონს უნდა მივართვართ. ჩემი შვილიც მის ჭკუაზეა გადასული. ყოველდღე ითხოვს ფულს, რომ ასეირნოს თავისი კნეინა. არც სამსახურის დაწყებას ფიქრობენ და არც ოჯახის ბიუჯეტის გაფრთხილებას. სულ არ აინტერესებთ, მე და ჩემს ქმარს როგორ გვეყოფა ხელფასი, საიდან მოვიტანთ საჭმელ-სასმელს და მათ სასეირნო ფულს. ჩემს მომზადებულს აღარ მიირთმევდა და ქმარსაც აიძულებდა, საჭმელი რესტორნიდან გამოეძახა. ისიც მომადგებოდა და ფულს მთხოვდა. ბოლოს, ჩემს შვილს რომ „გავუჭედე“ და ვუთხარი, ან ჭკუით მოიქეცით, ან ისევ თმით არ მათრევინოთ თავი-მეთქი, შეეკრნენ ერთმანეთს და ქირით გადავიდნენ საცხოვრებლად. ეგონათ, თავს გავიგიჟებდი, შევეხვეწებოდი, დაბრუნდით-მეთქი ან ქირის ფულს გადავუხდიდი და ქვაბებით საჭმელს მივართმევდი. მეტი საქმე არ მაქვს. ჩემმა ქმარმაც გამაფრთხილა: მიუშვი თავის ნებაზე ცოტა ხანი, გაიჭედებიან და კუდამოძუებულები რომ მობრუნდებიან, მერე ისწავლიან ჭკუასო. ასეც მოხდა. ორი თვე საძმაკაცო უხდიდა ბინის ქირას და საჭმელს კი ქალბატონის მშობლები უზიდავდნენ. რომ მიხვდნენ, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, საგულაო ფულზე კი ზედმეტი იყო ლაპარაკი, სახლში მობრუნდნენ. ზედაც არ ვუყურებ არც ჩემს შვილს და არც მის ცოლს. ნამდვილად არ დამიმსახურებია ასეთი დამოკიდებულება მათგან. სირცხვილით თავს ვეღარ ვყოფ სანათესაო-სამეზობლოში. არადა, სულ ვამბობდი: ახალგაზრდა დედამთილი ვიქნები, ჩემს რძალს, როგორც დაქალს, ისე მივუდგები და ძალიან მეყვარება-მეთქი. მეყვარება კი არა, ისე გამომიწვია და გამომიყვანა წყობიდან, თმაში რომ ვწვდი, ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან. ნამუსი რომ ჰქონდეს, ჩემ გვერდით ერთი წამიც არ უნდა გაჩერდეს. რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი? ჩემი შვილიც გამოჭერილი ჰყავს. ყველაფერს ვხედავ და ვამჩნევ. ისიც კარგად ვიცი, მასთან შეყვარებულობის პერიოდში რომ ჰქონდა ინტიმური კავშირი და ამის გამო მოინდომა მისი ცოლობა. ახლა, დაუჟინია, შვილს არ გავაჩენ, სანამ ცალკე საკუთარი სახლი არ მექნებაო. ელოდოს! არც სახლის მყიდველი ვარ და არც ჩემი შვილის გამაიმუნებას ვაპატიებ. ცოტას ვაცლი და მოვიყვან ჭკუაზე. წავუყენებ ულტიმატუმს – ან მოიქცეს ისე, როგორც ჩვენს ოჯახს ეკადრება და ან სამუდამოდ მიბრძანდეს ჩემი სახლიდან. აღარ ვაპირებ ლოლიავს. გეფიცებით, მრცხვენია, ხელით რომ შევეხე და ზუსტად ვიცი, თუ არ მორჯულდა და გააგრძელა ასე მოქცევა, კიდევ მომიწევს მისი თმით თრევა, რაც ნამდვილად არ მინდა. არადა, რა სიხარულით მივიღე, როგორ ჩავიხუტე და როგორი გეგმები და მიზნები მქონდა მასთან დაკავშირებით. როგორ მინდოდა, სამაგალითო დედამთილი და რძალი ვყოფილიყავით. თუმცა, მისი ხასიათის გამო ეს არასოდეს გამოვა და სჯობს, მართლა გამეცალოს.
ნინო, 47 წლის.
ხვიჩა კვარაცხელია