"ჩემზე 15 წლით უმცროსი ბიჭი შემიყვარდა და მისგან ბავშვს ველოდები, მისი მშობლები წინააღმდეგი არიან, გვირჩეთ რა ვქნა.."

image
სახიფათო სიყვარულის ტვირთი

იქნებ მითხრათ, ვის აქვს უფლება, სხვისი ბედი გადაწყვიტოს. ან ვინ ადგენს ამ უცნაურ კანონებს?

"ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა. ახლა მისგან ბავშვს ველოდები.  ჩვენი მშობლები მზად არიან ერთად ჩაგვქოლონ მე და ჩემი პატარა, რომელიც  დიდი სიყვარულის ნაყოფია", - ასე გამეცნო მაკა. ის ახლა შვიდი თვის  ორსულია, ცდილობს, პრობლემებს ღირსეულად გაუმკლავდეს და სათუთად ატაროს,  როგორც თვითონ უწოდებს "სახიფათო სიყვარულის ტვირთი".

მაკა თვითონ გიამბობთ აკრძალული სიყვარულის ამბავს, რომელიც
ორიოდე წლის წინ დაწყებულა.
- ვცხოვრობდი ქუთაისში, სადაც გასული საუკუნის ბოლოს, ისე როგორც მთელ  საქართველოში, მოდური იყო მოტაცებით ცოლის შერთვა. სკოლა ახალი  დამთავრებული მქონდა, რომ კლასელმა რამდენიმე მეგობრის დახმარებით  მომიტაცა. არ მიყვარდა ის ბიჭი და თავის დაღწევა ვცადე - გავიქეცი და  ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში შევვარდი. დაბნეულს რა მექნა, არ ვიცოდი, ბოლო  სართულის ღილაკს თითი დავაჭირე და გავიფიქრე, სახურავზე ავასწრებ და კარს  ჩავკეტავ-მეთქი... ოთხნი იყვნენ, არაფერი გამომივიდა. დასაკლავი  პირუტყვივით მომექცნენ, ხელებსა და ფეხებში ჩამავლეს და ისე ჩამათრიეს  კიბეზე. არავინ მომშველებია, ქალები მხოლოდ შორიდან კიოდნენ, ხელი გაუშვით, გოგოს როგორ ექცევითო. ძალადობა ამით არ დამთავრებულა - პირველი  სქესობრივი კავშირიც ძალით დაამყარა. იმ დროს "წესი იყო", თუ ქალწულობის  დაკარგვამდე ვერ მოგისწრებდნენ მშობლები, სხვა გზა არ გქონდა, უნდა  დარჩენილიყავი, რადგან შერცხვენილის სახელით უნდა გეცხოვრა. ორსაათიანი  ომის შემდეგ, როდესაც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ მქონდა, ჩემმა  მოძალადე საქმრომ საწადელს მიაღწია. შემდეგ ძმაკაცებს ახარა, საქმე  გაკეთებულია, გადავრჩითო. გარანტია მიიღეს, რომ ცოლობას დავთანხმდებოდი,  მათ კი გატაცების ბრალდებით არ დაიჭერდნენ.

მეზიზღებოდა ჩემი ქმარი, მის შეხებაზეც კი ისტერიკაში ვვარდებოდი. დიდხანს ვერ  ვივიწყებდი მის სიტყვებს, ძმაკაცებს რომ ახარა, გადავრჩით, გავინაღდეო...  მერე, როგორც იქნა, შევეგუე ბედს. გადავწყვიტე, უმაღლესში ჩამებარებინა.  წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი გავიტანე და უცხო ენების ინსტიტუტი  დავამთავრე. გავაჩინე ორი შვილი. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ბაღში  მივიყვანე, უკვე მუშაობის დაწყებაც შემეძლო, მაგრამ არ მომცა უფლება  ქმარმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ ქალის საქმე მხოლოდ "სამზარეულო" და  "საძინებელი" იყო. ვერაფერს გავხდი, მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ ბავშვებს  შინ, კერძოდ ვასწავლიდი ინგლისურს. დრო გადიოდა და ჩემი ქმარი უფრო და უფრო საშინელი ხდებოდა. გრძნობდა, რომ არ მიყვარდა, მხოლოდ შვილები  მაკავშირებდა მასთან და სასმელს მიეძალა. გალეშილი ფერებას რომ დამიწყებდა, გული მერეოდა... ერთ დღეს მთვრალმა ყველაფერი დალეწა და მოსწავლეები  სახლიდან გამიყარა. ამის ატანა აღარ შემეძლო, დავავლე ბავშვებს ხელი და  თბილისში გადმოვბარგდი. აქაც მომძებნა... როცა მიხვდა, რომ მასთან  დამბრუნებელი არ ვიყავი, შემეშვა. თუმცა ბავშვებს დღემდე აქეზებს,  დედათქვენს მე კი არა, თქვენც არ უყვარხართო...

მოკლედ, თბილისში კარგ სამსახურში მოვეწყვე, ერთ ორგანიზაციას ინგლისური ენის  სპეციალისტი სჭირდებოდა - თანამშრომლებისთვის ტრენინგები უნდა  ჩამეტარებინა. რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ ერთმა ახალგაზრდა კაცმა მთხოვა, მისთვის ცალკე ჩამეტარებინა დამატებითი გაკვეთილები, ცხადია, დამატებითი  ანაზღაურებით. გამიხარდა, ჩემს შვილებს ხომ უამრავი რამ სჭირდებოდათ...  ახალგაზრდა კაცი მონდომებული და ნიჭიერი აღმოჩნდა, მაგრამ ცოტა ხანში  ვიგრძენი, რომ გაკვეთილის ახსნისას არ მისმენდა, გიჟივით მომშტერებოდა და  თვალს არ მაცილებდა. ვხვდებოდი, მოსწავლე კი არა, კაცი მიყურებდა... რაღაც  დამემართა, სხვანაირი იყო ის მზერა...

ქალმა, რომელსაც სიყვარული არასოდეს გამოეცადა, პირველად ვიგრძენი ქალობა,  პირველად მომინდა სხვანაირად ჩამეხედა სარკეში... ჩვენს შორის რომანი  გაიბა, ის 15 წლით უმცროსია ჩემზე, თუმცა საოცრად გონიერი, ინტელექტუალური  და შესანიშნავი ადამიანია. ძალიან მამაკაცური, დინჯი, მშვიდი. მოკლედ,  ყველა ღირსება აქვს, რომლითაც შეიძლება ქალი მოიხიბლოს. ერთ დღეს  მოულოდნელად გამომიცხადა, დავქორწინდეთო. ისე დავიბენი, ენას ვერ  ვატრიალებდი საპასუხოდ. წარმოვიდგინე, რა ბედნიერება იქნებოდა საყვარელი  კაცის ცოლობა... მერე, თითქოს ვიღაცამ მიწას დამანარცხაო, საშინლად  ვიგრძენი თავი, მივხვდი, რა მოჰყვებოდა ამას საზოგადოებაში, რომელსაც  მიაჩნია, რომ ჯერ მისი აზრია აზრი და მერე შენი, ან საერთოდ არ  აინტერესებს, შენ რას ფიქრობ. ავუხსენი, რომ ეს სისულელე იქნებოდა, ჩვენი  ლამაზი სიყვარული დაგვენგრეოდა და დასამარდებოდა. გაგიჟდა, ყვიროდა, მე  მინდა ბედნიერი ვიყო, არ ვმალავდე, რომ მიყვარხარ, შენ ხარ ყველაზე  ძვირფასი ქალი ჩემს ცხოვრებაშიო. გამებუტა... ძალიან გაგვიჭირდა  უერთმანეთოდ და მალე შევრიგდით. იმ ღამეს ისეთი ბედნიერები ვიყავით...

საბედისწერო აღმოჩნდა ის ღამე - დავფეხმძიმდი. როცა გიორგიმ გაიგო, ბავშვს ველოდებოდი, სიხარულისგან გაგიჟდა. მეფერებოდა, ბავშვივით ხტოდა, ყვიროდა, გულზე  ხელებს იბაგუნებდა, მამა გავხდები და ეს ყველამ უნდა გაიგოს, ახლა ხომ  დარწმუნდი, რომ მუდმივად ერთად უნდა ვიყოთო. ისევ ავაგდე ქვა და შევუშვირე  თავი. ის კი არა, იმ აზრმაც გამიელვა, აბორტი გამეკეთებინა. მაგრამ როცა  ექოსკოპიაზე ექიმმა ნაყოფის გულისცემა მომასმენინა, გადავიფიქრე ბოროტების  ჩადენა.

გიორგიმ პირველად თავის დას ახარა, ეგონა და, რომელსაც ძალიან უყვარდა, გაუგებდა.  ისტერიკა დამართნია, 15 წლით უფროსთან საქმე როგორ დაიჭირე, ვინ არის ეგ  ბოზი, რით მოგაჯადოვა ასეო... გაგიჟებულა გიორგი, ანერვიულებულს დისთვის  ხელიც გაურტყამს. ამას უარესი ისტერიკა მოჰყოლია მშობლების მხრიდან. გიორგი სახლიდან წამოვიდა... მეც იძულებული გავხდი, ჩემებისთვის ყველაფერი  მეამბნა. ყველამ გამლანძღა, ზურგი მაქციეს, - უტვინო ქალო, შენ რა გასაჩენი იყავი, - მომაძახა დედაჩემმა. დებმა, - შენი ცხოვრება აიწეწე და ახლოს ნუ  გაგვეკარები, შენი რეპუტაციით ჩვენი ქმრები წუხდებიან, ჩვენც ნუ დაგვინგრევ ოჯახებსო. მოკლედ, ყველამ ხელი მკრა. ამის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არც მე  მჭირდება არავინ, რადგან საკუთარი ბედნიერების მჭედელი თვითონ არის  ადამიანი. შვილებმაც ზურგი მაქციეს, მამასთან გაიქცნენ. იმასაც მეტი რა  უნდოდა, ნიშნის მოგებით განაცხადა, ხომ ვამბობდი, ბოზი იყო, საერთოდაც  ძალით შემომეტენაო...

გიორგი სახლიდან წამოვიდა. ახლა ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ვატყობ, უჭირს ოჯახის  წევრებისგან ღალატის გადატანა. დედა უზომოდ უყვარს, დაც და განიცდის, რომ  მათთან ურთიერთობა აღარ აქვს. ღამით ვერ იძინებს, წამოჯდება ხოლმე საწოლში, მუცელზე მეფერება, მერე თავს დაადებს და როდის როდის ჩათვლემს...

თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ იქნებ მითხრას ხალხმა, ვის აქვს უფლება, ადამიანების  ბედი გადაწყვიტოს, სხვისი ცხოვრება განაგოს და უთხრას, ეს უნდა  შეგიყვარდეს, ეს - არაო. ან რატომ არის დანაშაული 15 წლით უმცროსი ბიჭის  შეყვარება მაშინ, როცა 15 წლით უფროს კაცთან პატარა გოგოს რომანი  ჩვეულებრივი ამბავია?! ვინ ადგენს ამ უცნაურ კანონებს? ყველა თავისი  ცხოვრებით რატომ არ ცხოვრობს?”шаблоны для dle 11.2




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
პური - 0.30 კაპიკი; ყველი - 2 მანეთი; რძე - 0.15 კაპიკი - როგორი იყო ფასები საბჭოთა საქართველოში?
„კვარა, ბუდუ, ზურიკო…“ – სად აღნიშნეს ბიჭებმა დავითაშვილის შვილის ნათლობა
„ატარეთ ჯიბით თხილის ჯოხი“ - ნახეთ, კიდევ რა უნდა იქონიოთ ჯიბეში, რომ ფული სულ გქონდეთ
დედით ქართველი, მამით ინდოელი... - გაიცანით ანასტასია ჯეირათი, რომლის უცხო გარეგნობამ ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია
"დავტოვო ალა მარტო სიბერეში თუ იყოს?" - გალკინი კესარია აბრამიძის გამო ალა პუგაჩოვას მიტოვებას აპირებს?
„თუ ბინას მოვიგებთ, საერთო შვილიც გვეყოლება...“ - ნიკო და სალომე
ვინ არის ქალი, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა - მომხდარის ახალი დეტალები ვრცელდება
თვითმფრინავში ქართველსა და რუს მგზავრებს შორის ისეთი ჩხუბი ატყდა, რომ ქუთაისიდან აფრენილი ხომალდი რუმინეთში ავარიულად დაეშვა – რა მოხდა „ვიზეარის“ ბორტზე, პირველი კადრები თვითმფრინავიდან
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც მარტში გაუმართლებთ
27-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები
რეკლამა